ქეთი გაგნიძე-მაქკორმიქ (PsyM,LMHC, SEP) - ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი, სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის(SEI) წარმომადგენელი, სომატური გამოცდილების (Somatic Experiencing®, SE™) სასწავლო პროგრამის დანერგვის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოში. ქეთი გაგნიძე-მაქკორმიქ უკვე 25 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. ის არის კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოტერაპევტი, აშშ-ში ლიცენზირებული ფსიქიატრიული მრჩეველი და სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი (Somatic Experiencing® Practitioner,SEP). ქეთის აქვს 34 წლის გამოცდილება კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასპირანტურა 1987-1991 წლებში. მისი პრაქტიკა ფსიქოლოგიაში დაიწყო თბილისში, ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო/კვლევით ინსტიტუტში, გერონტოლოგიისა და გერიატრიის ცენტრში, სადაც ის მუშაობდა ფსიქოლოგად და უმცროს მეცნიერ-მკვლევარად 1985-1998 წლებში. პარალელურად, ქეთი მუშაობდა ფსიქოთერაპევტად თბილისის ერთ-ერთ კერძო ფსიქოთერაპიულ ცენტრში.
ამ ხნის განმავლობაში მან გაიარა მრავალი ფსიქოლოგიური ტრენინგი, იყო სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების და სემინარების ორგანიზატორი და კოორდინატორი. მან გამოაქვეყნა დაახლოებით 20 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც; მან ასევე თანაავტორობით გამოააქვეყნა მეთოდური რეკომენდაციები გერონტოლოგიასა და გერიატრიაში.
ის ამჟამად მუშაობს ფსიქოთერაპევტად ფსიქოთერაპიულ ცენტრში: Behavioral Health Services of the Hudson Valley, როგორც ინდივიდუალ კლიენტებთან, ასევე ოჯახებთან და ჯგუფებთან. გარდა ამისა, ქეთი უკვე რამდენიმე ათეული წელია აწარმოებს ფსიქოდიაგნოსტირებას/ფსიქოლოგიურ შეფასებასა და სუპერვიზიას.
მისი პროფესიული გამოცდილება ამერიკაში მოიცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისის ინტერვენციის პროგრამის სოციალური მრჩეველის, ალკოჰოლის და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებზე ადიქციის პრობლემების სტაციონალური მკურნალობის ცენტრის პროფესიული ორიენტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ხელმძღვანელის, სასამართლო ფსიქოლოგიის სფეროში ციხეებისა და არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრებში კლინიკური ფსიქოლოგის თანამდებობებს.
ქეთიმ შეისწავლა სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიდგომები; მათ შორის ფსიქოდინამიკური (კლასიკური ფსიქოანალიზი, იუნგიანური ანალიზი და ჯგუფური ფსიქოანალიზი), ფსიქოსინთეზი, ტრანსაქციული ანალიზი, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია(CBT), დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია(DBT), სხეული-გონების ინტეგრაციული თერაპია, სომატური გამოცდილება, Somatic Experiencing® (SE™), და ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური ანალიზი.
ქეთიმ ქართველ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაატარა ფსიქოლოგიური კვლევები და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფსიქოთერაპიული კვლევის საზოგადოების(Society of Psychotherapy Research, SPR) კონფერენციებზე დენვერსა და დუბლინში. ის დღესაც აგრძელებს სამეცნიერო კვლევებს კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში.
